აკუმულატორის სტანდარტული საგარანტიო პირობები
1. საერთო პირობები
1.1. შპს „თეგეტა მოტორსი" (შემდგომში - „გამყიდველი"/„კომპანია") გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში" შეძენილი აკუმულატორი (შემდგომში - „პროდუქცია") არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის" საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება პროდუქციის მწარმოებლის მიერ
1.3. „გამყიდველს" საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტზე.
1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში" შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე".
2. საგარანტიო ვადა
2.1 „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა განისაზღვდება 6-დან 36 თვემდე პერიოდით, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, „პროდუქციის" მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძელზე, „პროდუქციის" მწარმოებელი ბრენდისა და იმ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რომლისთვისაც ხორციელდება „პროდუქციის" შეძენა. საგარანტიო ვადის შესახებ „მყიდველს" ეცნობება საგარანტიო დოკუმენტის გაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
2.2 საგარანტიო პირობები ვრცელდება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემისა და მისი „კომპანიის“ მიერ დამონტაჟების მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.
2.3 იმ შემთხვევაში, თუ ,,კომპანიაში“ შეძენილი ,,პროდუქციის“ დამონტაჟება არ განხორციელდება ,,გამყიდველის“ მიერ, საგარანტიო პირობების გავრცლდება დამონტაჟებული პროდუქციის ,,კომპანიის“ მიერ შემოწმების შემდეგ.
3. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები
3.1 საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3.2 „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას, შეცვლას/ჩანაცვლებას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) და მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას, ან „პროდუქციის" ღირებულების „მყიდველისთვის" ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი" ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის" შეკეთებას ან შეცვლა/ჩანაცვლებას).
3.3 თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, „გამყიდველი“ „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას უზრუნველყოფს საგარანტიო შემთხვევის თაობაზე „მყიდველის“ მომართვის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, „გამყიდველი“ უზრუნველყოფს „მყიდველისათვის“ დროებით სარგებლობაში სარეზერვო აკუმულატორის გადაცემას, რომელიც „გამყიდველს“ დაუბრუნდება „პროდუქციის“ შეკეთების ან შეცვლის/ჩანაცვლების შემდგომ, დაუყოვნებლივ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ არ დაუბრუნებს „გამყიდველს“ დროებით სარგებლობაში გადაცემულ სარეზერვო აკუმულატორს, „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო მომსახურების გაწევის ვალდებულებისგან და უფლებამოსილია არ გადასცეს „მყიდველს“ შეკეთებული ან ახალი „პროდუქცია“.
3.4 „პროდუქციის“ ქარხნული წუნით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.
3.5 „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა „პროდუქციაზე“ მხოლოდ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
3.6 იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქცია" საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, საგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი და იმოქმედებს მხოლოდ შეცვლილი/ჩანაცვლებული პროდუქტის დარჩენილი საგარანტიო ვადის განმავლობაში.
3.7 საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.
3.8 თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ „პროდუქცია“ უნდა შეიცვალოს/ჩანაცვლდეს. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.
3.9 გარემოებების შესწავლის შედეგად, „გამყიდველი“ თავად იღებს გადაწყვეტილებას, უზრუნველყოფს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენას თუ შეცვლას/ჩანაცვლებას („პროდუქციის" ღირებულების „მყიდველისთვის" ანაზღაურებას, თუ „გამყიდველი" ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის" შეკეთებას ან შეცვლა/ჩანაცვლებას).
3.10 იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“.
3.11 „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.
4. საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა
4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში: 4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;
4.1.2. თუ გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების ელექტრო სისტემა ან/და სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებულ იქნა ისეთი დეტალები, ან მის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სატრანპორტო საშუალების მწარმოებლის კომპლექტაციაში (მაგალითად, სიგნალიზაციის, აუდიოსისტემის, ცენტრალური გასაღების, მინების ელექტრო ამწეების, და სხვა მსგავსი ელ.სისტემების მიერთება-დამონტაჟება);
4.1.3. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მოდიფიკაციის ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;
4.1.4. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად;
4.1.5. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;
4.1.6. თუ „პროდუქცია“ არ არის დამონტაჟებული/დამაგრებული სატრანსპორტო საშუალებაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას - საშტატო ბუდეში;
4.1.7. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;
4.1.8. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიარებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.
