დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

დანადგარებისა და ინსტრუმენტების სტანდარტული საგარანტიო პირობები

  1. საერთო პირობები

1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ შეძენილი დანადგარები და ინსტრუმენტები (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ „პროდუქციაზე“.

 

  1. საგარანტიო ვადა

2.1.  მხარეები თანხმდებიან, რომ „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, „პროდუქციის“ მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე. საგარანტიო ვადის შესახებ „მყიდველს“ ეცნობება საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

 

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით.

3.2. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე საგარანტიო ვალდებულებებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტსა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას  (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში), მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას, ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ დაბრუნებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას).

3.4. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქცია“ საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი.

3.5. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.

3.6. თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, აუცილებელია მისი შეცვლა/ჩანაცვლება სხვა „პროდუქციით“ თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების, შეცვლის/ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

3.7. იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დაადგენს, რომ დაზიანებული „პროდუქცია“ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი შეცვლა/ჩანაცვლება, „გამყიდველის“ მიერ „პროდუქცია“ შეიცვლება/ჩანაცვლდება იმავე მწარმოებლის „პროდუქციით“ ან იმავე კლასის (მონაცემების/მახასიათებლების) მქონე სხვა მწარმოებლის „პროდუქციით“. თუ ახალი „პროდუქციის“ ღირებულება აღემატება „მყიდველის“ მიერ გადახდილ თანხას, მაშინ „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველს“ გადაუხადოს სხვაობა შესაბამისი ინვოისის/ინვოისების შესაბამისად.  

3.8. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ - „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება ექსპერტიზის ხარჯის „მყიდველისთვის“ ანაზღაურების ვალდებულება წინამდებარე საგარანტიო პირობების შესაბამისად.

3.9. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.

 

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. თუ „პროდუქცია“ „მყიდველმა“ გამოიყენა არასწორი დანიშნულებით;

4.1.2. „პროდუქციაზე“ განთავსებულია შეუსაბამო აქსესუარი ან „მყიდველის“ მიერ გამოყენებულია სხვა მწარმოებლის დამატებით აღჭურვილობა (მაგალითად: ბურღები, „პიპკები“, დისკები და ა.შ.);

4.1.3. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად;

4.1.4. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;

4.1.5. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია არასაკმარისი ვენტილაციით ან/და მექანიკური დაზიანებით (მაგალითად თუ „პროდუქციას“ აღენიშნება ბზარები, ნაკაწრები, ჩამონატეხები და სხვა);

4.1.6. თუ „პროდუქციაში“ მოხვედრილია სხვა ნივთიერებები, ელექტრონული ინსტრუმენტების სავენტილაციო ცხაურში მოხვედრილია უცხო სხეულები ან/და ლითონის ნაწილებზე შეინიშნება ჟანგი;

4.1.7. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

4.1.8. თუ „მყიდველმა“ თავისი ინიციატივით გაარემონტა „პროდუქცია“ ან/და შეცვალა „პროდუქციის“ შიდა კონფიგურაცია ან ელექტროსქემა, ან/და მცდელობა ჰქონდა შეეკეთებინა ან განეხორციელებინა შეპოხვა;

4.1.9. თუ „პროდუქციის“ დაზიანება ან/და გაუმართაობა გამოწვეულია არასწორი ტრანსპორტირებისა და შენახვის შედეგად;

4.2. საგარანტიო პირობები არ გავრცელდება:

4.2.1. ისეთ დეტალებზე, რომლებიც განიცდიან ბუნებრივ ცვეთას (მაგალითად: ნახშირის „მუსები“, კბილა ღვედები, რეზინის შემამჭიდროებლები, ჩობალები, დამცავი გარსაცმი, მიმმართველი გორგოლაჭები, მილისები და ა.შ);

4.2.2. აქსესუარებზე, რომლებიც ექვემდებარება შეცვლას (მაგალითად: ვაზნები, ცანგები და ა.შ);

4.2.3. აღჭურვილობებზე (მაგ: ბურღები, ხერხუნები, დისკები და ა.შ.) და დამატებით აღჭურვილობებზე (მაგ: ნახშირები, რეზინების რგოლები, ღვედები, საპოხი საშუალებები, აკუმულატორის ბლოკები და დამტენი მოწყობილობები); 

4.2.4. ნახშირის მუსების სრული ცვეთის შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს როტორის (ე.წ. „სტატორის“) მწყობრიდან გამოსვლა;

4.2.5. ტექნიკურ მომსახურებაზე (მაგ: გაწმენდა, გარეცხვა, შეზეთვა და ა.შ).

 

  5. „პროდუქციის“ მონტაჟის ვადა  

  5.1 „პროდუქცია“, რომელიც საჭიროებს მონტაჟს, „გამყიდველის“ მიერ დამონტაჟდება შემდეგი ვადების გათვალისწინებით:  

ა) ქ. თბილისში არსებულ „გამყიდველის“ სერვის-ცენტრებში – „პროდუქციის“ შეძენიდან 5 (ხუთი) დღე;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „გამყიდველის“ სერვის-ცენტრებში – „პროდუქციის“ შეძენიდან 1 (ერთი) კვირა;

გ) დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „გამყიდველის“ სერვის-ცენტრებში – „პროდუქციის“ შეძენიდან 2  (ორი) კვირა.

 

6. საგარანტიო შემთხვევაზე „გამყიდველის“ მიერ რეაგირების ვადები

6.1. „გამყიდველი“ „პროდუქციის“ საგარანტიო შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ახორციელებს შემდეგი ვადების გათვალისწინებით:

ა) ქ.  თბილისში – გამოძახებიდან 3 (სამი) სამუშაო დღე;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე – გამოძახებიდან 1 (ერთი)კვირა;

გ) დასავლეთ საქართველო – გამოძახებიდან 2 (ორი) კვირა;

6.2. „მყიდველის“ მიერ დამატებით ნაწილების შეკვეთის შემთხვევაში წინამდებარე პუნქტის 6.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებს დაემატება 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღე.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით