დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

საბურავების სტანდარტული საგარანტიო პირობები

​​​​​​

  1. საერთო პირობები

1.1. შპს „თეგეტა რითეილი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ შეძენილი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების საბურავები (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.

 

  1. საგარანტიო ვადა

2.1.  „პროდუქციის“ საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება საბურავის პროტექტორის ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით (ნარჩენი ღირებულება) და „მყიდველს“ ეცნობება „პროდუქციის“ შეძენისთანავე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით;

2.2 საბურავის პროტექტორის სიმაღლე იზომება მისთვის განკუთვნილი საზომის საშუალებით, საბურავის პროტექტორის შუა და გარე ბლოკებს შორის. ამასთან, პროტექტორში ამ დროს არ უნდა იყოს რაიმე საგანი. პროტექტორის სიმაღლე უნდა გაიზომოს იმ ადგილზე სადაც ცვეთის TWI (Tread Wear Indicator) ინდიკატორი არის განთავსებული.

2.3. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „კომპანიის“ მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

 

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ დაზიანების მომენტიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველის“ ნებისმიერ სერვის-ცენტრში წარადგინოს დაზიანებული „პროდუქცია“.

3.2. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას, შეცვლას/ჩანაცვლებას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) და მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას, ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას).

3.4. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქცია“ საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი.

3.5. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.

3.6.  იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებულ უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, აუცილებელია მისი შეცვლა/ჩანაცვლება სხვა „პროდუქციით“ თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების, შეცვლის/ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

3.7. იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დაადგენს, რომ დაზიანებული „პროდუქცია“ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი შეცვლა/ჩანაცვლება, „გამყიდველის“ მიერ „პროდუქცია“ შეიცვლება/ჩანაცვლდება იმავე მწარმოებლის „პროდუქციით“ ან იმავე კლასის (მონაცემების/მახასიათებლების) მქონე სხვა მწარმოებლის პროდუქციით. თუ ახალი „პროდუქციის“ ღირებულება აღემატება „მყიდველის“ მიერ გადახდილ თანხას, მაშინ „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველს“ გადაუხადოს სხვაობა შესაბამისი ინვოისის/ინვოისების საფუძველზე.  

3.8. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება ექსპერტიზის ხარჯის „მყიდველისთვის“ ანაზღაურების ვალდებულება წინამდებარე საგარანტიო პირობების შესაბამისად.

3.9. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.

 

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;

4.1.2. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მოდიფიკაციის ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;

4.1.3. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად.

4.1.4. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;

4.1.5. საბურავის თვითნებურად აღდგენა/შეკეთების მცდელობის შემთხვევაში.

4.1.6. საბურავის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის შემთხვევაში;

4.1.7. თუ „პროდუქციაში“ მოხვედრილია სხვა ნივთიერებები;

4.1.8. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;

4.1.9. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP)  შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

4.1.10. გადატვირთვის და დაბალი/მაღალი შიდა წნევის პირობებში საბურავის ექსპლუატაციის შემთხვევაში;

4.1.11. გაუმართავი სავალი ნაწილის შემთხვევაში (აღნიშნული კავშირში უნდა იყოს საბურავის ექსპლუატაციასთან);

4.1.12. არასწორი თვლების შეყრის შემთხვევაში.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით